...

ჭიათურაში რეკულტივაციის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს

ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ბიოლოგიურად რეკულტივირებულ ტერიტორიაზე გაშენებული ხეხილის ნერგების უმრავლესობამ გაიხარა.

ჭიათურაში, სოფელ ზედა რგანში, ბიოლოგიურად რეკულტივირებულ ტერიტორიაზე გაშენებული ხეხილის ნერგების უმრავლესობამ გაიხარა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ნერგების განვითარებისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად, წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.

2022 წელს ტექნიკური რეკულტივაციის სამუშაოები გეგმის მიხედვით შესრულდა. ამ ეტაპზე, ბიოლოგიურად რეკულტივირებულია 23 ჰექტარი ფართობი, პროცესის ფარგლებში შემოიღობა ტერიტორია და დაირგო ხე-მცენარეები.

2023 წელს დაგეგმილია 100 ჰექტარი ტექნიკური და 100 ჰექტარი ბიოლოგიური რეკულტივაციის სამუშაოები.

2017 წლამდე კომპანიაში ღია კარიერული მოპოვების შედეგად დარღვეული ტერიტორიები შეადგენდა 355,8 ჰექტარს, საიდანაც მხოლოდ 39 ჰექტარი იყო რეკულტივირებული, რაც საერთო დარღვეული ტერიტორიის მხოლოდ 11% შეადგენს, მაშინ, როდესაც 2022 წლის მონაცემებით, მთლიანი დარღვეული ტერიტორიის 49% უკვე რეკულტივირებულია.

2022 წლის მონაცემებით საერთო დარღვეული ტერიტორიებიდან, რომელიც 956 ჰექტარს შეადგენს, რეკულტივირებულია 472,3 ჰექტარი ფართობი. რეკულტივაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ პრაქტიკულად არ არსებობდა არათუ რეკულტივაციის სამუშაოების გეგმა/გრაფიკი, არამედ კომპანიაში არ ხდებოდა სარეკულტივაციო ტერიტორიების აღრიცხვა და მონაცემების შეგროვება/დამუშავება. ამ მომენტისათვის კომპანია არ ფლობდა ინფორმაციას, რა ფართობს მოიცავდა სარეკულტივაციო ტერიტორია და სად მდებარეობდა ხსენებული ფართობები.

პრობლემების სისტემური გადაწყვეტის მიზნით, პირველ რიგში, აღიწერა სრული ტერიტორია და მოხდა სარეკულტივაციო ფართობების იდენტიფიცირება, რის ფარგლებშიც უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით მოხერხდა მთლიანი ჭიათურის ტერიტორიის აერო/ფოტო გადაღება და მიღებული მონაცემების დამუშავება (ჭიათურის მთლიანი ტერიტორიის აეროფოტო გადაღება და მონაცემების განახლება ყოველწლიურად მიმდინარეობს).

სრულად აღიწერა და უკვე იდენტიფიცირებულია სარეკულტივაციო ფართობები და განისაზღვრა თითოეულ ფართობზე პასუხისმგებელი პირი, თუ ვის მიერ იყო დამუშავებული და ვის ვალდებულებას წარმოადგენდა რეკულტივაცია, იქნებოდა ეს ე.წ. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი თუ კონკრეტული კოპერატორი. რის შემდეგაც მოხერხდა რეკულტივაციის კონკრეტული გეგმა/გრაფიკის შექმნა/აღსრულება. მას შემდეგ, რაც განხორციელდა ძირითადი სარეკულტივაციო ფართობების ტექნიკური რეკულტივაცია (რაც გულისხმობს ტერიტორიის მძიმე ტექნიკით მოსწორება/დასტაბილურებას და შესაბამისი რელიეფის შექმნას,) აქტიურად დაიწყო ასევე ბიოლოგიური რეკულტივაციის ეტაპი.

გაზიარება: