ჭიათურის, როგორც ქალაქის წარმოშობა და შემდგომი ზრდა მდინარე ყვირილის ხეობაში მადნის არსებობამ განაპირობა.
მადნის მოპოვება 1879 წელს აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო, როდესაც ჭიათურაში ჩამოვიდნენ კრუპის ქარხნის, აგრეთვე ვესტფალიაში რკინის მაღაროების Gute Hoffnung-ისა და პეტერბურგის სავაჭრო სახლის „ვახტერისა და კომპანიის” წარმომადგენლები და იმავე წელს ამოიღეს 54 ათასი ფუთი მანგანუმი. მანგანუმის დამუშავებაში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მეწარმეებიც.
მანგანუმს მოიპოვებდნენ ძირითადად შორაპნის მაზრაში მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე. ცენტრი იყო სოფელი ჭიათურა. მთლიანად, მანგანუმის მოპოვების აუზი, გარდა ჭიათურისა, კიდევ რვა სოფლისაგან შედგებოდა: რგანი, თაბაჩები, მღვიმევი, დარკვეთი, პერევისი, შუქრუთი და ითხვისი.54 ტონა ჭიათურული მანგანუმი, რომელიც პირველად გაიტანეს მსოფლიო ბაზარზე, გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით და შესაბამისად, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში დიდი ინტერესი გამოიწვია.1895 წლისათვის, რკინიგზამ ჭიათურა შორაპნის სადგურთან დააკავშირა. იმ დროისათვის ჭიათურის მაღაროები უკვე ათასობით ადამიანს ასაქმებდა და მსოფლიო მანგანუმის მოთხოვნილებას 50%-მდე უზრუნველყოფდა.1925-1928 წლებში მანგანეზის მოპოვების უფლება მიენიჭა სააქციო საზოგადოება ჯორჯიან მანგანიზს (იგი ამჟამინდელ კომპანიასთან არ არის კავშირში), რომელსაც უძღვებოდა ამერიკელი მრეწველი უილიამ ავეროლ ჰარიმანი (Averell Harriman).