ზესტაფონის
ფეროშენადნობთა ქარხანა

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა – ჭიათურის მანგანუმის საბადოსთან მეზობლობამ და მაგისტრალურ გზებთან და პორტებთან სიახლოვემ განაპირობა. ქარხნის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო, ხოლო პირველი ჩამოსხმის დღე არის 1933 წლის 30 ოქტომბერი, რომელიც ოფიციალურად მიჩნეულია ქარხნის ამუშავების დღედ.1937 წლის ბოლოს ქარხანამ აწარმოა ფეროშენადნობების 11 ნაირსახეობა და ამის შემდეგ ფერომანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა ქარხნად გარდაიქმნა.
წლების განმავლობაში ზესტაფონის ქარხანამ გააფართოვა საქმიანობა და წარმოების შესაძლებლობები, რათა მაღალხარისხიანი ფეროშენადნობის წარმოების საერთაშორისო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. საწარმოში მუშაობს 12 ელექტროთაღიანი ღუმელი, მაღალი დონის ჰაერის გასაფილტრი დანადგარით, სააგლომერაციო ქარხანა და მანგანუმის ბრიკეტების განახლებული საამქრო.