მთავარიმედიასიახლეებისპეციალური მმართველის საახალწლო მიმართვა

სპეციალური მმართველის საახალწლო მიმართვა

ჩემო ძვირფასებო!

გილოცავთ 2021 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს კომპანიასა და მთელს ქვეყანას!

ჩვენ, ყველამ, რთული წელი გავიარეთ, თუმცა ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვიმართლდეს - თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას!

მიუხედავად სირთულეებისა, კომპანიამ თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, მაინც შეძლო, დაეძლია მძიმე გამოწვევები. მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოსთვის, განსაკუთრებულად შოკური იყო ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა. იმ ფონზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა ურთულესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიის, "ჯორჯიან მანგანეზის" შეუფერხებელი მუშაობა. კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, საჭირო იყო სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღება, რაც, ვფიქრობ, რომ მოვახერხეთ.

ასეთ რთულ პირობებშიც კი, წელს „ჯორჯიან მანგანეზმა“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ჩვენ არცერთი წუთით გადაგვიხვევია ჩვენი სტრატეგიული გეგმისგან.

ყველა პროექტის ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ გამოვყოფ რამდენიმეს, რითაც მე, როგორც სახელმწიფოსგან დანიშნული სპეციალური მმართველი განსაკუთრებულად ვამაყობ:

ერთ-ერთი, ალბათ, ჭიათურაში, 29-ე ფაბრიკის ტერიტორიაზე მდინარე ყვირილას წყლის ხარისხის გაუმჯობესების საპილოტე პროექტია, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ის სხვა საწარმოო ობიექტებზეც დაინერგოს. მჯერა, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ყვირილა, რომელსაც მრავალი ათწლეულის წინ ტურისტული და სამგზავრო დანიშნულება ჰქონდა, მალე დაიბრუნებს ძველ იერსახეს. ვინ იცის, ეგებ აქ კიდევ ვიხილოთ ტივები, რომლებიც ქალაქს ძველ, ტრადიციულ, კოლორიტულ ელფერს დაუბრუნებს...

არ შემიძლია არ გამოვყო არაერთი ეკოლოგიური პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ასევე წარმატებით განახორციელა. ეს არის უზარმაზარი ტერიტორიების რეკულტივაციის სამუშაოები, რომლებიც შევასრულეთ. პროცესი გრძელდება და ყოველწლიურად, ჭიათურაში, 50 ჰექტარზე მეტი ფართობის რეკულტივაცია კვლავ განხორციელდება. სწორედ ეს ვალდებულება პირადად მე მაქვს აღებული სახელმწიფოს წინაშე და გპირდებით, წლების განმავლობაში, ნორმების დაცვის გარეშე წარმართული მადნის მოპოვებით, მავნებლურად დაზიანებული და მიტოვებული ტერიტორიები აუცილებლად ბოლომდე აღდგება.

წელს ასევე არ შეჩერებულა და გაგრძელდა რეგიონების გამწვანების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ზესტაფონში ათასობით ნერგი უკვე დაირგო. ორივე ქალაქში ჩავატარეთ დასუფთავების ფართომასშტაბიანი ღონისძიებებიც. ეს პროცესი მომავალ წელსაც აუცილებლად გაგრძელდება.

მჯერა, რომ პანდემიის რთული დღეები მალე უკან მოგვრჩება, თუმცა, მანამდე, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ის, რომ კომპანია ამ წუთამდე შეუფერხებლად მუშაობს. გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ კოვიდის პრევენცია სათანადოდ მოგვეხდინა, ეს შეეხება სისტემატურად “პისიარ ტესტირების” პროცესის წარმართვას, თერმოსკრინინგს, სადეზინფექციო სამუშაოების ინტენსიურ ჩატარებასა თუ თანამშრომელთა დამცავი საშუალებებით აღჭურვას.

თუმცა, ვერაფერს შევძლებდით მხოლოდ ჩვენ, რომ არა თქვენი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ასევე ხელისუფლებისა და პროფკავშირების თანადგომა.

უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც კორონავირუსის ახალი ტალღა იყო და ქვეყანა პრაქტიკულად გაჩერდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კაპიტალური რემონტის შემდგომ, 22.5 მეგავატის სიმძლავრის ახალი ღუმელი ექსპლუატაციაში გაეშვა - მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნისთვის ამას წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს!

წელს, ასევე, "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივითა და დაფინანსებით ჭიათურაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელმაც ქალაქში არსებული ძველი ამბულატორია ჩაანაცვლა, გარემონტდა და კეთილმოეწყო ე.წ სანატორიუმის შენობა. მხოლოდ 2020 წელს ჩვენ 4 სტადიონი მოვაწყვეთ და ვაჩუქეთ ქალაქს, აღვადგინეთ შიდა საფეხბურთო მატჩების ძალიან კარგი ტრადიციაც.

კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია, რომელიც ზესტაფონსა და ჭიათურაში დავამკვიდრეთ, ეს არის თვის წარმატებული ბრიგადების გამოვლენა და ჩვენი დასაქმებულების გამოსახულებით, ორივე ქალაქის ტერიტორიაზე, ბილბორდების განთავსდება; ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო და იქნება თითოეული თქვენგანისთვის.

გავიხსენებ, კიდევ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს, რომელიც ასევე ორივე ქალაქში განხორციელდა. ეს წარმატებული აბიტურიენტებისთვის სტიპენდიების დანიშვნას უკავშირდება. ვფიქრობ, ამ ტრადიციასაც აუცილებლად ყოველწლიურად დავამკვიდრებთ.

წელს წარმატებულად ვითანამშრომლეთ რეგიონის ახალგაზრდებთან, მათ სხვადასხვა ჯგუფებთან და ერთად არაერთი საინტერესო, ძალიან სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ. ვამაყობ თვითოეული მათგანით და ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ის იმედი, რომელიც დღეს გაგვაჩნია - „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველთვის იდგება ახალგაზრდების გვერდში და მათ ხედვებს, მათ მიზნებს მხარს აუცილებლად დაუჭერს.

ჩვენ განვითარებაზე ორიენტირებულები ვართ და წინ უამრავი მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს. ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა, ვიტყვი, რომ პრიორიტეტი ორივე ქალაქის ეკოლოგიაა და ჩვენ ამ კუთხით ძალიან სწორი და თანმიმდევრული გეგმა გვაქვს - ზუსტად ვიცი, ის შედეგიანი იქნება!

ხაზგასასმელია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ ბოლო წლებში თანამშრომლების შრომითი და სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ამ კუთხით, პოზიტიურ ცვლილებებზე მომავალშიც სულ უნდა ვიფიქროთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი შრომით, პასუხისმგებლობით, ერთად მიღწეული შედეგით შევძელით ის, რომ ქვეყნის მთავარი ხერხემალი და დოვლათის შემქმნელი ეს კომპანია მოვიტანეთ დღემდე. ერთად დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკას, ჩვენს რეგიონებს, თანამოქალაქეებს და ამ თვითშეგნებისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ!

წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ზუსტად ვიცი, მომავალი წელი უფრო ნაყოფიერი და სტაბილური იქნება.
მთავარია, ჩვენ ყველამ კეთილსინდისიერად ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ჩვენი წილი თითო აგური დავდოთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში!

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და მის მთლიანობას, მის კეთილდღეობას მხოლოდ მყარი ერთობით მივაღწევთ!
გილოცავთ შობა-ახალ წელს!

მჯერა, რომ ახალი 2021 წელი "ჯორჯიან მანგანეზის" თითოეული თანამშრომლისთვის, მთელი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი იქნება. თქვენთან ერთად, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ ძლიერ ეკონომიკას, აღმშენებლობასა და ფინანსურ სტაბილურობას!

ჯორჯიანმანგანეზისსპეციალურიმმართველი, ნიკოლოზჩიქოვანი

Go to top