მთავარიმედიასიახლეებიჩიქოვანი: გაჩერების წინაპირობა არ გვაქვს

ჩიქოვანი: გაჩერების წინაპირობა არ გვაქვს

კოვიდპანდემიამ, შესაბამისად დაწესებულმა შეზღუდვებმა და რეგულაციებმა პრობლემები „ჯორჯიან მანგანეზსაც“ შეუქმნა. 

 

როგორც კომპანიის სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, სეროზული პრობლემები და სირთულეები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პანდემიის გამო „ჯორჯიან მანგანეზის პროდუქციაზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე, დაახლოებით 25%-ით შემცირდა.

როგორც ჩიქოვანი განმარტავს, ეს ფაქტი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო პროცესის თითქმის განახევრების მიზეზი გახდა. ამან კი, საბოლოო პროდუქტის თვითღირებულების ზრდა განაპირობა. ამავდროულად, ჯორჯიან მანგანეზის საწარმოო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ კომპანიის ხარჯი ბუნებრივად გაზარდა, რაც ასევე აისახა წარმოების თვითღირებულების ზრდაზე.

 

თუმცა, ჩიქოვანის თქმით, პრიორიტეტი დღეს ადამიანის ჯანმრთელობაა და „ჯორჯიან მანგანეზი“ კვლავაც გააგრძელებს ყველა იმ მითითების შესრულებას, რაც ვირუსის გავრცელებას შეაფერხებს. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ 2021 წელი ნაკლებად პრობლემური იქნება და პანდემიაც დასრულდება.

ჩიქოვანის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს, გარკვეულწილად, საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებიც იძლევა, არსებობს ახალი პარტნიორების მოძიების შესაძლებლობა, გასაღების ახალი ბაზრების ძიება და იმედი აქვს, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში კომპანიას საკმაოდ კარგი შედეგები ექნება.

 

„იმედი გვაქვს, რომ ბაზარი გაიზრდება და ჩვენც ჩავრთავთ მთელ სიმძლავრეებს“, - აცხადებს ჩიქოვანი.

 

მისი თქმით, ამ დარგის მნიშვნელობას ქართული ეკონომიკისთვის, სახელმწიფოც კარგად აცნობიერებს და მისი მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობოდა და იგრძნობა. თანადგომის ერთ-ერთ მაგალითად ჩიქოვანს საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი მოჰყავს. როგორც ის აცხადებს, ამ ეტაპზე, როგორც ჭიათურაში ასევე ზესტაფონში მდებარე საწარმოებში კიდევ უფრო გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები, იქნება ეს თერმოსკრინინგისა და პისიარტესტირების სისტემატურად ჩატარება, დასაქმებულთა პირადი დაცვის საშუალებებით, დეზობარიერებით აღჭურვა თუ სხვა ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჩიქოვანის თქმით, იმაში, რომ საწარმოო პროცესი არ ფერხდება, დიდი წვლილი მიუძღვის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც კარგად აცნობიერებენ შექმნილი სიტუაციის სირთულეს. როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარებისა და მათი რამდენიმე თანამშრომლის ინფიცირების მიუხედავად, კომპანია გაჩერებას არ გეგმავს და ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამგვარი ოპტიმიზმის მიუხედავად, ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ როგორც მთელ საქართველოში, ისე ჯორჯიან მანგანეზში თანამშრომელთა ინფიცირების ახალ შემთხვევებს მაინც ჰქონდეს ადგილი, თუმცა, როგორც ის ამბობს, ამისთვისაც კომპანია მზად არის.

„მზად ვართ, უზრუნველვყოთ ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა. ამისათვის დამატებით ტესტირებებს სისტემატურად ვატარებთ. იზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს გაცდენილი დღეებიც უნაზღაურდებათ და შვებულებაც, თუ ამის საჭიროება არსებობს. აქტიურად ვთანამშრომლობთ პროფკავშირებთანაც. ვფიქრობ, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას ჩვენ გაცილებით მომზადებულები დავხვდით. გვაქვს მზაობა და შესაძლებლობაც, მაქსიმალურად ავირიდოთ ის რისკები, რაც საწარმოო პროცესს შეაჩერებს და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ ეკონომიკას“, - აცხადებს ჩიქოვანი.

 

მისი თქმით, კომპანიამ სწრაფი ტესტებიც შეიძინა, რაც საწარმოო პროცესს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს ხდის.

 

Go to top