ჭიათურაში მუზეუმ-კორტი გაიხსნა

ჭიათურაში, ქალაქის ისტორიულ ადგილას, სადაც 1892 წელს საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტი მდებარეობდა - ღია მუზეუმი გაიხსნა.

ჭიათურაში, ქალაქის ისტორიულ ადგილას, სადაც 1892 წელს საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტი მდებარეობდა – ღია მუზეუმი გაიხსნა. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, 400 მ²-ზე არასტანდარტული, კორტი მოეწყო, რომელიც ქართული ჩოგბურთის ისტორიას ერთ სივრცეში აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია, რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ ისტორიულ კედელს, კიბის საფეხურებს, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობას, მოეწყო რეკრეაციული ზონა მწვანე ნარგავებით, ასევე, მოსასვენებელი სივრცე, საიდანაც კარგად ჩანს ქალაქ ჭიათურის ხედები.

მუზეუმ-კორტის ტერიტორიაზე, ამავე სივრცეში წარმოდგენილია სიმბოლური მხატვრობა, სხვადასხვა სახის საინფორმაციო კედელი, რომელზეც დატანილია კორტის ისტორია, ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჭიათურაში მოღვაწე ჩოგბურთელის იან ჰომერის შესახებ.

იან ჰომერს ქართული ჩოგბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ცამეტი წლის ასაკში უკვე ჭიათურის ჩემპიონი იყო, ოცი წლისა კი, ათი წლის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს უცვლელი ჩემპიონი 1927 წლამდე. მოგვიანებით პირველობა მისმა მოსწავლეებმა გადაიბარეს, გამოჩენილმა ჩოგბურთელებმა ედუარდ ნეგრებეცკიმ და არჩილ მდივანმა.

საქართველოში ჩოგბურთის განვითარება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ რაც ინგლისური ფირმა “Forward and Salinas” -ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მოსახლეობას ახალი თამაში გააცნო. მაშინ ინგლისელებმა ჭიათურაში ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. იან ჰომერი, სწორედ, ჭიათურაში გაეცნო ჩოგბურთს. ქართული საჩოგბურთო სკოლის განვითარება, სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო.

პირველად იყო ჭიათურა, შემდეგ თბილისი, ბათუმი და მოგვიანებით სხვა ქალაქები. ჩოგბურთის მუზეუმ-კორტის აშენების იდეა „ჯორჯიან მანგანეზს” ეკუთვნის. სამუშაოები, აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. კომპანია წლებია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქმიანობს და მუზეუმ-კორტის აშენებაც, სწორედ ამ პასუხისმგებლობის ნაწილია. მუზეუმ კორტი მართვაში ჭიათურის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.

გაზიარება: